,,ენა, მამული,სარწმუნოება"



განსხვავებული ენა, რომელიც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია, ალბათ წარმოშვა ადამიანთა ჯგუფებს შორის კომუნიკაციების არ არსებობამ. ამის ნათელი მაგალითია დაღესტანი, სადაც ლამის თითოეულ აულში სხვადასხვა ენებზე ლაპარაკობენ და სხვადასხვა ერებად მოიხსენიებიან (ლეზგური, ხუნძური, დარგუული, თაბასარანული, ავარული და სხვა). თუ წარმოვიდგენთ, რომ ადამიანთა შორის თავიდანვე ყოფილიყო დღევანდელი დროის დონის კომუნიკაციები, ალბათ მთელი დედამიწა ერთ ენაზე ილაპარაკებდა. ენობრივი ბარიერი, ქვეყნებს შორის, მნიშვნელოვნად ხელს უშლის ინტეგრაციას და აფერხებს პროგრესს ყველა მიმართულებით.
მამული, ანუ ტერიტორია სადაც სახელმწიფოა განთავსებული, არის ერთი ერის საკუთრება. საკუთრება კი თავის მხრივ უნდა ჩამოყალიბებულიყო ადამიანის მიერ ადამიანზე ძალადობის გამო. როდესაც გაჩნდა საკუთრება, მაშინ გაჩნდა ქურდობაც, რაც თავის მხრივ ადამიანთა შორის ძალმომრეობის და ომის საფუძველი გახდა. ამ ომებმა კი განაპირობა ცალკეული ქვეყნების წარმოშობა. სახელმწიფოს არსებობამ განაპირობა პოლიტიკის, როგორც ქვეყნის და საზოგადოების მართვის ხელოვნებამ, განვითარება და თანამედროვე დონეზე აყვანა.
სარწმუნოება ქვეყნების სახელმწიფოებად ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. სარწმუნოების, ანუ რელიგიის წარმოშობის საფუძველი ადამიანის უმეცრება და ბუნებრივი მოვლენებისადმი შიში უნდა ყოფილიყო. რელიგია მთლიანად ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია და იგი ეფუძნება მხოლოდ სიცრუეს. სასწაულებს, რომლებითაც დღეს არსებული რელიგიები ინარჩუნებენ ავტორიტეტს, ერთ მშვენიერ დღეს ჩვეულებრივი ახსნა მოეძებნება და რიგით ამბად იქცევა, ისევე, როგორც ეს მოხდა ჭექა-ქუხილის, ცისარტყელის და სხვა მრავალი ბუნებრივი მოვლენის შემთხვევებში. რელიგიამ დიდი როლი ითამაშა ქვეყნების სახელმწიფოებად ჩამოყალიბებაში; თუმცა იგი მხოლოდ ხელისუფალს სჭირდებოდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად.

No comments:

Post a Comment